Wednesday, June 13, 2012

თამაშის წესები


ჭადრაკის ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სვლების გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება.


ჭადრაკის პარტიის მსვლელობა იწერება საგანგებო ნოტაციით და შემდეგ ქვეყნდება სათანადო კომენტარებით საერთო და საჭადრაკო პრესაში. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს.


ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით. სვლა კეთდება ერთი ფიგურით (გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელზეც შემდგომ მოგითხრობთ). ის არ შეიძლება დაიდგას უჯრაზე, სადაც უკვე დგას მისივე ფერის სხვა ფიგურა. ხოლო უჯრაზე თუ სხვა ფერის ფიგურაა, მაშინ შეგიძლიათ აიყვანოთ იგი და მის ადგილზე თქვენი დასვათ. ამ პროცესს აყვანას ან მოკვლას უწოდებენ. აყვანილი ფიგურა თამაშიდან გამოსულად ითვლება და მას დაფიდან იღებენ.

No comments:

Post a Comment