Wednesday, June 13, 2012

ჭადრაკი საქართველოში

ჭადრაკი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლში. პირველად მოხსენიებულია ბასილი დიდის თხზულებაში ,,ექუსთა დღეთა’’ რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღაწემ გიორგი ათომელმა გადმოაქართულა. სავარაუდოა რომ ჭადრაკი ჩვენში ან ინდოელი ვაჭრების, ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველის კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.
სამწუხაროდ XIX საუკუნემდე არ არის შემორჩენილი ცნობები ქართველ მოჭადრაკეთა შესახებ, თუმცა ასეთები რომ იყვნენ ისიც ადასტურებს რომ ნაპოვნია XII, XV და XVII საუკუნეების ქართული ჭადრაკის კომპლექტები. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჭადრაკზე მეტი ცნობებია; „შახმატნი ლისტოკის“ იტყობინებოდა: „შარშანდელი წლის სექტემბრიდან თბილისში დაარსდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება დამფუძნებელთა ბინებში“. იგივე ნომერი იუწყებოდა რომ მოეწყო მატჩი თბილისელ ა.სმიტენსა და მოსკოველ ოსტატ ა.სოლოვცოვს შორის. იგივე ჟურნალი იუწყება რომ თბილისში გაიმართა მატჩი ა.სმიტენსა და ანდრია დადიანს შორის, რომელიც დადიანის გამარჯვებით დასრულებულა. ამის შემდეგ დადიანს სოლოვცევისთვისაც მოუგია მატჩი.
საერთოდ ანდრია დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც გავიდა საერთაშორისო სარბიელზე. იგი საკმაოდ ცნობილი მოჭადრაკე გახლდათ. ამავე დროს თანამშრომლობდა საჭადრაკო ჟურნალ-გაზეთებთან. 
ცნობილია იმდროინდელი ძლიერი მოჭადრაკეების სახელებიც. ესენი იყვნენ და  ხარლამპე სირბილაძე, ფოტინე ჩიქოვანი-ასათიანისა, მამია გურიელი, ვარადებულ ჩიქოვანი, გიორგი ბებურიშვილი და სხვა.
XX საუკუნის 20-ანი წლებიდან ჭადრაკი სახალხო თამაში გახდა. გახშირდა ტურნირები, მატჩები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ ცნობილი რუსი ოსტატები. თბილისში სახცოვრებლად გადმოვიდნენ ცნობილი მოჭადრაკეები ანდრეი სმოროდინსკი, ვიქტორ გოგლიძე, ნიკოლოზ სოროკინი.
1922 წელს გაიმართა თბილისელ მოჭადრაკეთა პირველი ტურნირი. 1923 წელს კი გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. 1926 წელს თბილისში მოეწყო მასობრივი ტურნირი, რომელშიც 600 კაცი მონაწილეობდა. იმავე წელს გამოვიდა პირველი საჭადრაკო წიგნი ქართულ ენაზე. 1928 წელს ჩატარდა საქართველოს ვაჟთა პირველი ჩემპიონატი. იმავე წელს თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუბლიკების პირველი ჩემპიონატიც. 1930 წელს თბილისში გაიმართა მატჩი ვიქტორ გოგლიძისა და მოსკოველ ოსტატ, ვლადიმერ ნენაროკოვის მატჩი. გოგლიძემ ეს მატჩი მოიგო (7-4) და პირველს ქართველთგან მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება.
ვაჟებს არც ქალები ჩამორჩნენ. 1927 წელს გაიმართა თბილისის პირველი ჩემპიონატი, ხოლო 1935 წელს თბილისმა უკვე საქართველოს პირველ ჩემპიონტს უმასპინძლა. 50-ანი წლების დასაწყისში თბილისში გაიხსნა ბავშვთა საჭადრაკო სკოლა. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში არსებულმა ამ ჭადრაკის სამჭედლომ ბევრი ძლიერი მოჭადრაკე გამოიყვანა საჭადრაკო ასპარეზზე.
უკვე 1956 წელს ალაპარაკდნენ პატარა ზუგდიდელ გოგონაზე, ნონა გაფრინდაშვილზე. სულ რაღაც ექვს წელიწადში კი ნონამ მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინიც დაიდგა თავზე.
ნონას გზას ბევრი მიყვა.ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი ცოტა ხანში დაუძეველ მეტოქეებად იქცნენ უცხოელი თუ საბჭოთა მოჭადრაკეებისათვის. წარმატებები გაგრძელდა დამოუკიდებლობის ხანაშიც. მოვიდა ახალი ნიჭიერი თობა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიდის ოთხჯერ მოგება.
ქალებზე ნაკლებად, მაგრამ მაინც სათანადო სიმაღლეზე იდგნენ ვაჟებიც. პირველი ქართველი დიდოსტატები – ბუხუტი გურგენიძე, რომან ჯინჯიხაშვილი (რომელიც შემდგომ აშშ-ს ჩემპიონიც გახდა და ოლიმპიადაზე ამ გუნდის ნაკრებს ედგა სათვეში), თამაზ გიორგაძე, ელიზბარ უბილავა, ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე და ახალი თაობის მოჭადრაკეები, რომლებიც ღირსეულად ასპარეზობენ ნებისმიერი დონის საერთშორისო ტურნირებში.
საქვეყნოდ ცნობილი არიან ჩვენი საჭადრაკო კომპოზიტორები: გია ნადარეიშვილი, იოსებ კრიხელი, დავით გურგენიძე და სხვები.
ჭადრაკის განვითრებას და პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი ჭადრაკის პროპაგანდამ ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით. თბილისში გამოდიოდა საჭადრაკო გაზეთი „მერანი“. გამოდიოდა წიგნები ქართველ მოჭადრაკეებზე და მათ შემოქმედებაზე. განსაკუთრებით აქტიურობდა ამ მხრივ თამაზ გიორგაძე, რომლის კალამსაც ეკუთვნის მრავალი საინტერესო წიგნი ჭადრაკზე, დაწყებული „ჭადრაკის ანბანიდან“ დამთავრებული მსოფლიოს პირველობების მატჩებით.

No comments:

Post a Comment